სამომხმარებლო სესხი



პირადი სესხი იგივეა რაც სამომხმარებლო სესხი. ამ ტიპის სესხი საშუალებას აძლევს ადამიანს გამოიყენოს ის პირადი მოხმარებისათვის, თან ისე, რომ გამცემი საფინანსო ინსტიტუტი, პრაქტიკულად, ამ სესხის მიზნობრიობას არ აკონტროლებს.


პირადი სესხი ძირითადად მცირე მოცულობისაა და  უზრუნველყოფის გარეშე არ აღემატება 10 000$ - ს, ხოლო უზრუნველყოფის გარანტიით შესაძლებელია სესხის მოცულობის 30 000 $ - მდე გაზრდა.


უნდა აღინიშნოს, რომ ჩვეულებრივ სამომხმარებლო სესხი უფრო მოკლევადიანია და მაღალ პროცენტში გაიცემა, ვიდრე მაგალითად ავტო ან იპოთეკური სესხი.


სამომხმარებლო სესხის უპირატესობა ის არის, რომ მისით სარგებლობა საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია და ამასთან, ნებისმიერი სახის შემოსავლის საფუძველზე. ამ ტიპის სესხის ასაღებად საჭიროა, პიროვნებას ერიცხებოდეს ხელფასი, ან ჰქონდეს შემოსავალი ბიზნესიდან /საოჯახო მეურნეობიდან, ან სარგებლობდეს უცხოეთიდან ფულადი გზავნილებით, ა.შ.


როგორც წესი, ამ პირად სესხს გვთავაზობენ შემდეგი სარეკლამო მოწოდებებით: „დაისვენეთ“, „შეიძინეთ ახალი ტექნიკა“ , „მოაწყვეთ სახლი“, ა.შ.  

სამომხმარებლო სესხის გადაუხდელობას სხვადასხვა არასასურველი შედეგი ახლავს:

 

საკრედიტო რეიტინგის დაცემა

სამომხმარებლო სესხზე ერთი შენატანის გამოტოვებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ თქვენი საკრედიტო რეიტინგი საგრძნობლად დაეცეს. ამასთან, რაც უფრო დიდხანს გადააცილებთ გადახდის ვადას, მით უფრო დაეცემა თქვენი რეიტინგი.

თქვენი საკრედიტო რეიტინგის დაცემის ეფექტი  გაცილებით დიდია, თუ თქვენ არაუზრუნველყოფილი სესხი ვერ დაფარეთ. საკრედიტო რეიტინგის დაცემას კი, თავის მხრივ, მოყვება სხვა სესხებზე (მაგ: საკრედიტო ბარათებზე) საპროცენტო განაკვეთის ზრდა – სხვანაირად რომ ვთქვათ  – საკრედიტო რეიტინგის დაცემა იწვევს სამომავლოდ თქვენთვის სხვა ნებისმიერი სესხის გაძვირებას.

 

უზრუნველყოფაში დატოვებული ქონების ჩამორთმევა (უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში)

თუ თქვენ აღებული გაქვთ უზრუნველყოფილი სესხი, ეს ნიშნავს, რომ კრედიტორმა სესხი დაგიმტკიცათ გარკვეული ქონების (ბინა, მანქანა ა.შ.) უზრუნველყოფის საფუძველზე. შესაბამისად, თქვენს მიერ სესხის ვერ ან არ დაფარვის შემთხვევაში შეუძლია ეს ქონება გამოიყენოს სესხის დასაფარად. ამდენად, უზრუველყოფილი სესხი ნაკლებად რისკიანია გამსესხებლისთვის, მაგრამ საკმაოდ რისკიანია თქვენთვის, რადგან როგორც უკვე ვთქვით, თუ თქვენ ვერ დაფარეთ სესხი, კრედიტ-ოფიცერს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს უზრუნველყოფაში გადაცემული ქონება სესხის დასაფარად.

 

არაუზრუნველყოფლი სესხის გადაუხდელობის შედეგები

მიუხედავად იმისა, რომ არაუზრუნველყოფილი სესხი არ არის გამყარებული  მოძრავი  ან  უძრავი ქონებით,  სესხის ვადაგადაცილების ან საერთოდ არ დაფარვის შემთხვევაში გარკვეული ჯარიმები მაინც დაგეკისრებათ: ჯერ ერთი –  საგრძნობლად დაეცემა თქვენი საკრედიტო რეიტინგი, რაც გავლენას იქონიებს თქვენ მომავალ სესხებზე; მეორეც – თუ სესხის თანხა მნიშვნელოვანია, გამსესხებელი სასამართლოში შეიტანს სარჩელს თქვენს წინააღმდეგ და შეეცდება სასამართლოს გადაწყვეტილებით ამოიღოს სესხის თანხა, თქვენი ან თავდების ქონების იძულებითი წესით გაყიდვით.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ სასამართლოს წესით დასაბრუნებელი თანხა  თქვენ თავდაპირველ სესხზე გიცილებით მეტი იქნება, რადგან სანამ საქმე სასამართლომდე მივა, მას დაემატება ვადაგადაცილების საკომისიო,  ჯარიმა სესხის გრაფიკის დარღვევისთვის და რა თქმა უნდა მიმდინარე პროცენტი. 

არსებობს ორი ტიპის მოკლევადიანი სამომხმარებლო სესხი: უზრუნველყოფით და უზრუნველყოფის გარეშე. როგორც წესი, ორივე ტიპის სესხი უფრო მაღალ საპროცენტო განაკვეთში გაიცემა ვიდრე გრძელვადიანი სესხები; თუმცა, ასეთი სესხის პრივილეგია მისი მოკლევადიანობაა, რაც მსესხებელს საშუალებას აძლევს უფრო სწრაფად დაფაროს იგი.


სამომხმარებლო სესხი უზრუნველყოფით

უზრუნველყოფილი სამომხმარებლოს სესხის შემთხვევაში, კრედიტორი სესხს გიმტკიცებთ გარკვეული ქონების (ბინა, მანქანა ა.შ.) უზრუნველყოფის საფუძველზე. უზრუნველყოფილი სესხი ნაკლებად რისკიანია ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რადგან თუ თქვენ ვერ დაფარავთ სესხს, კრედიტორს შეუძლია დაუფარავი თანხა თქვენ მიერ უზრუნველყოფაში ჩადებული ქონებიდან ამოიღოს.

 

უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი საუკეთესო გზაა სწრაფად მიიღოთ საჭირო თანხა დაბალ საპროცენტო განაკვეთში.

 

უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორ თანხის გადაუდებელი პირადი საჭიროების, ასევე ნებისმიერი არსებული სასესხო დავალიანების გადაფარვის აუცილებლობის შემთხვევაშიც.

 

აღსანიშნავია, რომ ცუდი საკრედიტო ისტორიის ქონის შემთხვევაშიც კი შეგიძლიათ ასეთი ტიპის სესხის მიღება, თუ მას ძვირადღირებული აქტივით უზრუნველყოფთ.


სამომხმარებლო სესხი უზრუნველყოფის გარეშე

თუ არ გაგაჩნიათ უზრუნველყოფისთვის საჭირო ქონება ან არ გსურთ თქვენი ქონებით უზრუნველყოთ სესხი, შეგიძლიათ აირჩიოთ სამომხმარებლო სესხი უზრუნველყოფის გარეშე.

 

არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის გაცემა კრედიტორისთვის უფრო რისკიანია, რადგან მსესხებლის გადახდისუ უნარობის შემთხვევაში, კრედიტორს არ გააჩნია დავალიანების ამოღების არანაირი გარანტია.  შესაბამისად, ამ რისკის კომპენსირებისთვის, ბანკები უფრო მაღალ საპროცენტო განაკვეთს ითხოვენ, ვიდრე უზრუნველყოფით გაცემულ სამომხმარებლო სესხებზე.

 

თუ ამ ტიპის სესხის აღებას დააპირებთ, აუცილებლად მოძებნეთ ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი. ასევე გაითვალისწინეთ სესხთან დაკავშირებული საკომისიოები და ჯარიმები.

 

უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების საერთო თვისებები:

ამ ორი ტიპის სესხს ბევრი საერთო აქვს, კერძოდ:

 - ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი;

 - სესხის დაფარვის მოკლე ვადა;

 - ძირის და სარგებელის ყოველთვიური დაფარვა;

 - სესხის  დამტკიცების მოკლე პერიოდი   (ჩვეულებრივ 2 სამუშაო დღე);

 - სესხის განცხადის შევსება ონლიან რეჟიმში;

 - სესხის ვადაზე ადრე დაფარვისთვის ჯარიმის არარსებობა (უმეტეს შემთხვევებში);

შემოგვიერთდით



ვალუტა

1 GEL =
1USD = 2.4513
1EUR = 2.6484
1GBP = 3.0609
100RUB = 4.2821
1TRY = 0.6771
10CNY = 3.5598

სრულად ნახვა
სესხის კალკულატორი