ბიზნეს სესხი


 

ბიზნეს კრედიტი განკუთვნილია ეკონომიკურად აქტიური იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის. ბიზნეს კრედიტები  მათი მიზნობრიობიდან გამომდინარე იყოფა ორ ძირითად მიმართულებად, ესენია:


– საბრუნავი კაპიტალის დაფინანსება - ნედლეულის ან მარაგების შევსება პროდუქციის რეალიზაციამდე.

– ბიზნესის გაფართოების დაფინანსება - ფიქსირებული აქტივების შეძენა ან გაუმჯობესება სესხის საშუალებით.

 

სესხის მიზნობრიობიდან  და კომპანიის საქმიანობის სტრუქტურიდან გამომდინარე ხდება სესხის ტიპის შერჩევა – საქართველოს საბანკო სივრცეში მიღებულია, როგორც ანუიტეტური ბიზნეს კრედიტები, ასევე საკრედიტო ხაზები და ოვერდრაფტები.

ოვერდრაფტი ემსახურება შედარებით მოკლევადიან და გაუთვალისწინებელ  ბიზნეს–საჭიროებების დაფინანსებას, ხოლო საკრედიტო ხაზის მიზანია ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფა შედარებით დიდი პერიოდით. 

 

სესხის პროცენტი განისაზღვრება ინდივიდუალურად, კომპანიის ფინანსური მდგომარეობის - რისკისა და ამონაგების გათვალისწინებით, ხოლო სესხის დაფარვის გრაფიკი, როგორც წესი მორგებულია ნაღდი ფულის მოსალოდნელ ნაკადზე. გარდა ფინანსური მაჩვენებლებისა, სესხის პირობები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული კლიენტის საკრედიტო ისტორიასა და უზრუნველყოფის ხარისხზე. 

 

ვრცელ ინფორმაციას ბიზნეს სესხების შესახებ გაეცანით ჩვენს საიტზე განთავსებულ სტატიებში.

ინვესტორებთან მოლაპარაკებების დაწყებამდე უნდა გაითვალისწინოთ 5 ძირითადი ფაქტორი, რომლებიც მნიშვნელოვანია თქვენ მიერ მოთხოვნილი თანხების მოცულობის მიუხედავად: 


1. კარგი საკრედიტო ისტორია

თუ თქვენ ბიზნესი ახალია და ჯერ არ გაქვთ საკუთარი საკრედიტო ისტორია, ინვესტორებს აუცილებლად უნდა აჩვენოთ, რომ შეგიძლიათ ფულის ეფექტურად მართვა და დაკრედიტების სახით მიღებული თანხის დაბრუნება. ამაში თქვენი პირადი საკრედიტო ისტორია და რეპუტაცია დაგეხმარებათ  – რაც უფრო მაღალია თქვენი პირადი საკრედიტო რეიტინგი, მით უფრო დიდია თქვენი ბიზნესის წარმატებით დაფინანსების შანსი.

 

2. კარგი გუნდი

დამფინანსებლის მთავარი შეკითხვა კრედიტის მაძიებლის მიმართ არის შემდეგი: „შეგიძლიათ კი თქვენ ამის გაკეთება?" ისინი დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ თქვენ და თქვენ ბიზნეს–პარტნიორებს შეგიძლიათ ბიზნეს–გეგმაში დასახული მიზნების წარმატებით მიღწევა– მიღებული სესხის დაფარვა და ინვესტორის მოგების უზრუნველყოფა.

სათანადოდ შეარჩიეთ „გუნდი“ თქვენი ბიზნესისთვის და მოემზადეთ, რომ უპასუხოთ ისეთ კითხვებს, როგორიცაა:

 - „რატომ თქვლით, რომ შეგიძლიათ თქვენ და თქვენ პარტნიორებს მიაღწიოთ წარმატებას  ამ ბიზნესში ?

 - „რის საფუძველზე ფიქრობთ, რომ გაქვთ ამ სფეროში  საკმარისი გამოცდილება?“

 - „გქონიათ თუ არა აქამდე შეხება ამ სფერსთან?“

დარწმუნდით, რომ კარგად გაქვთ ჩამოყალიბებული სამომავლო გეგმები, როგორი იქნება ბიზნესის ზრდის ტენდენცია, რა საფრთხეებს უნდა ელოდოთ და როგორ უნდა აარიდოთ მათ თავი.

 

3. დეტალური ბიზნეს–გეგმა

ინვესტორებისთვის ბიზნეს–გეგმის მომზადება არც ისე ადვილია. დამწყები ბიზნესმენები ხშირად უყურადღებოდ ტოვებენ მნიშვნელოვან ციფრებს, დეტალებს და ზედმეტად დარწმუნებული არიან მათ მიერ ინვესტორისთვის მიწოდებული ინფორმაციის საკმარისობაში .

დასაწყისისთვის, აუცილებლად გამოიანგარიშეთ რამდენს დახარჯავს თქვენი მომავალი ბიზნესი და რა იქნება ნულოვანი მოგების წერტილი. ასევე გათვალეთ რა თანხა დაგჭირდებათ პირველ წელს,   და რამდენად გაიზრდება ხარჯები გაყიდვების ზრდასთან ერთად.

ბიზნეს–გეგმა ასევე უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თქვენ პოტენციურ მომხმარებლებზე, თქვენ მიერ შეთავაზებული პროდუქტის სარეკლამო საშუალებებზე, თქვენი პროდუქტის უპირატესობებზე და იმ ხარჯზე, რასაც გაწევთ მომხმარებლების მოსაზიდად.

ბიზნეს–გეგმებზე და მათი შედგენის წესზე მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენ საიტზე განთავსებული სხვა სტატიები.

 

4. იცოდეთ მეტი თქვენ ინვესტორებზე

ინვესტორებზე დეტალური ინფორმაცია არამარტო დაგეხმარებათ ინვესტიციის სწორი ფორმის შერჩევაში, არამედ  თქვენი ბიზნესის დასაფინანსებლად  მათ დარწმუნებაში შეგიწყობთ ხელს.მაგალითად: თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ბიზნესს არ ექნება  ფულის დიდი ნაკადი სესხის დასაფარად, მაშინ ბანკთან ბიზნეს სესხზე მოლაპარაკება არც ისე კარგი ვარიანტია.

 

5. შეადგინეთ სასურველი ინვესტორების სია

გულდასმით შეადგინეთ თქვენი ბიზნესისთვის სასურველი და მეტნაკლებად მისაღები ინვესტორები სია. დაფინანსებაზე დათანხმება ნიშნავს ახალი და ხშირად გრძელვადიანი ურთიერთობის დაწყებას, რომელსაც თან ახლავს დიდი პასუხისმგებლობა.

შესაბამისად, უკეთესი იქნება თუ ინვესტორების რაოდენობას შეზღუდავთ და მაქსიმუმ 5-6 პოტენციურ პარტნიორთან აწარმოებთ მოლაპარაკებებს. ასე უფრო კარგად შეძლებთ მათ გაცნობას და მათთვის სათანადო ყურადღების დათმობას. 

დაფინანსების მოძიების გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ არსებობს ბიზნესის დაფინანსების შემდეგი წყაროები:


პირადი დანაზოგი

დამწყები ბიზნესების უმრავლესობა ისეთი პირველადი წყაროების მეშვეობით ფინანსდება როგორებიცაა: პირადი დანაზოგები,  იპოთეკური სესხები, აქციები და ობლიგაციები და ა.შ.

 

მეგობრები და ნათესავები

ზოგიერთი დამწყები ბიზნესმენი დაფინანსებას ეძებს ისეთი კერძო წყაროებიდან, როგორებიცა ამეგობრები და ოჯახის წევრები. უმეტეს შემთხვევაში ასეთი სესხს არ გააჩნია არანაირი საპროცენტო განაკვეთი, რაც ახალი საქმის წამოწყების  პროცესში საკმაოდ მომგებიანია.

 

ბანკები

ბიზნესის დაფინანსება ასევე შეგიძლიათ ბანკისგან ბიზნეს–სესხის აღებით. გაითვალისწინეთ, რომ ბანკი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგიმტკიცებთ სესხს თუ დაუმტკიცებთ, რომ თქვენი ბიზნეს–იდეა მართლაც გაამართლებს. ბანკისგან ბიზნეს–სესხის მისაღებად, თითქმის ყოველთვის საჭიროა ამ სესხის უძრავი ან მოძრავი ქონებით უზრუნველყოფა ან თავდებობა.

 

ფულადი რესურსების მოძიება

დამწყები ბიზნესისთვის ფულადი რესურსების მოძიება საკმაოდ რთულია, რადგან დამფინანსებლების უმრავლესობა ახლად დაწყებულ ბიზნესს არ ენდობა და საკმაოდ მკაცრად აფასებს მათ შესაძლებლობას დააბრუნონ მიღებული თანხა. სესხის დამტკიცებისთვის, თქვენ ზუსტად უნდა განსაზღვროთ რა მოცულობის თანხა გჭირდებათ,  რისთვის გჭირდებათ, როდის და როგორ დაფარავთ მას. თქვენ უნდა დაარწმუნოთ კრედიტ-ოფიცერი, რომ თქვენი ბიზნესისთვის ბიზნეს–სესხის დამტკიცება ნამდვილად ღირს და რომ მათ მიერ გაწეული დაფინანსება განსაკუთრებულ რისკს არ წარმოადგენს. ამისთვის უცილებლად წარუდგინეთ ბანკს თქვენი ბიზნეს–გეგმა, რომელშიც ასახული იქნება დეტალური ინფორმაცია ბიზნეს–ოპერაციებზე და თქვენ ბიზნეს სტრატეგიაზე.

ბიზნეს–გეგმის დაწერის თაობაზე რჩევების მისაღებად იხილეთ ჩვენ საიტზე განთავსებული სხვა სტატიები.

 

როგორ განიხილება სესხის მოთხოვნა

ბიზნეს–სესხის მოთხოვნისას კრედიტ-ოფიცერი, პირველ რიგში, ფიქრობს სესხის დაფარვაზე. ამიტომ ის დააკვირდება თქვენ საკრედიტო ისტორიას და რეიტინგს, დანაზოგებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სამუშაო გამოცდილებას და რეკომენდაციებს, ასევე თქვენ მიერ ბიზნესის ეფექტურად მართვის გამოცდილებას, და რაც ყველაზე მთავარია – რამდენად სრულყოფილია თქვენს მიერ წარმოდგენილი ბიზნეს გეგმა.

მოკლევადიანი ბიზნეს-სესხი დაგეხმარებათ ოპერატიულად შეივსოთ თქვენი ბიზნესისთვის საჭირო დაფინანსება. ძალიან ხშირად ამ ტიპის სესხებს იყენებენ ბიზნესები, რომლებსაც დაუგვიანდათ გაწეულ მომსახურებაზე შესაბამისი ანაზღაურების მიღება, ხოლო ფინანსური რესურსი აუცილებელია მათი შემდგომი საქმიანობისთვის.

ასევე, შესაძლებელია ასეთი სესხის დროებით აღება – მუდმივი დაფინანსების მიღებამდე. ერთი სიტყვით, მოკლევადიანი სესხები დაფინანსების მოქნილ და კომფორტულ ვარიანტს წარმოადგენს სწორედ მათი გადახდის ვადების გამო.

 

სესხის აღება კუთვნილი ანაზღაურების მიღების დაგვიანებისგამო

ალბათ არაერთხელ გქონიათ შემთხვევა, როდესაც კლიენტმა დაგიგვიანათ საქონლის ან მომსახურების მიწოდებისთვის კუთვნილი ანაზღაურების გადახდა. ამასობაში კი, თქვენ თავად გაქვთ დასაფარი დავალიანებები ან გასასტუმრებელი სხვა მიმდინერე ხარჯები. მოკლევადიანი სესხი სწორედ ასეთი ხარჯების გასტუმრებაში დაგეხმარებათ მანამ, სანამ მიიღებთ კუთვნილ თანხას კლიენტებისგან. ასეთი დაფინანსება შედარებით იაფია, რადგან მოკლევადიან სესხებზე, როგორც წესი, დაბალ საპროცენტო განაკვეთს იღებთ. შესაბამისად, მიმდინარე ხარჯების მოკლევადიანი სესხის მეშვეობით დაფარვისას დიდ თანხასარ დაკარგავთ.

 

სესხის აღება ნედლეულის შესაძენად

არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც შეიძლება გქონდეთ ძალიან მომგებიანი შეკვეთა, მაგრამ მის შესასრულებლად ხელზე ნაღდი ფული არ გაგაჩნიათ. ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ აიღოთ მოკლევადიანი სესხი, რომელსაც  შეკვეთიდან მიღებული მოგების ხარჯზე დაფარავთ დაფინანსების საფასურის გაზრდის გარეშე. ასეთი ტიპის სესხებს საკმაოდ ხშირად იყენებენ პატარა ბიზნესები, რომლებსაც არ გააჩნიათ გრძელვადიანი დაფინანსების წყაროები.

 

სესხის აღება საქმიანობისგასაფართოებლად

ბიზნესის არასაკმარისი  მოგება, ხშირად თქვენ მიერ წარმოებული ბიზნეს–ოპერაციების სიმცირის (არასაკმარისი სამუშაო ძალა, არასაკმარისი სიმძლავრის მოწყობილობები და ა.შ.) შედეგია. შესაბამისად, აუცილებელია გარკვეული ფინანსური რესურსი, რომელიც თქვენი ბიზნესის გაფართოებას და სათანადო მოგების მიღებას უზრუნველყოფს.

მოკლევადიანი სესხით შეგიძლიათ თანდათან შეიძინოთ ის ნივთები ან მოწყობილობები, რომლებიც ბიზნესის გასაფართოებლად გესაჭიროებათ. ეს განსაკუთრებით საჭიროა ისეთ ინდუსტრიებში, სადაც მაღალია საწყისი დანახარჯები. მაგალითად: სტომატოლოგიური კაბინეტის ბიზნეს–ოპერაციების სიმრავლე შეზღუდულია პაციენტის მომსახურებისთვის საჭირო დანადგარების ან თანამშრომლების რაოდენობით, რადგანაც ასეთი დანადგარები საკმაოდ ძვირი ღირს, და თანამშრომლების რიცხვის გასაზრდელად არაა საკმარისი ფართი. შესაბამისად, მოსალოდნელია რომ მფლობელი სესხს აიღებს ბიზნესის სათანადო გაფართოებისთვის.

 

დროებითი სესხის აღება მუდმივი დაფინანსების დამტკიცებამდე

ნებისმიერი ბიზნესის მიზანი უნდა ითვალისწინებდეს გრძელვადიანი დაფინანსების არსებობას იმ ხარჯების დასაფარად, რომლებსაც  ერთიანად ვერ დაფარავს. ამ ხარჯების დასაფარად გრძელვადიანი სესხის აღებამ, მაშინ როდესაც ბაზარზე არასახელსაყრელი მდგომარეობაა, ან როდესაც ბიზნესი შედარებით ახალია, შეიძლება მომავალში ცუდ პირობებში ჩაგაგდოთ. სამაგიეროდ, სასწრაფოდ დასაფარი ხარჯებისთვის შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ მოკლევადიანი ბიზნეს–სესხი, ხოლო როდესაც თქვენი ბიზნესი გაძლიერდება – გრძელვადიანი დაფინანსებას უფრო ადვილად მოიპოვებთ. ხშირ შემთხვევაში, შეიძლება უარიც მიიღოთ გრძელვადიან სესხზე მანამ, სანამ არ გააუმჯობესებთ თქვენ საკრედიტო ისტორიას მოკლევადიანი სესხების დაფარვებით და არ დაამტკიცებთ, რომ პატიოსანი გადამხდელი ხართ. 

როგორი უნდა იყოს სესხის მინიმალურ საპროცენტო განკვეთში მისაღებად დაწერილი ბიზნეს–გეგმა

ბევრმა ბიზნესმენმა არ იცის როგორ დაწეროს ბიზნეს–გეგმა, ან რას უნდა მოიცავდეს ის. კარგი ბიზნეს–გეგმა ბიზნესმენს სესხზე საუკეთესო საპროცენტო განაკვეთის მიღების უპირატესობას აძლევს.  მართალია თვით საუკეთესო ბიზნეს–გეგმასაც კი არ შეუძლია სესხის კარგი პირობების გარანტირება, მაგრამ ცუდათ დაწერილი გეგმა გარანტირებულად გაზრდის იმის ალბათობას, რომ თქვენ ვერ მიიღებთ სესხს სასურველ პირობებში.


ბიზნეს–გეგმამ შეიძლება არ გაამართლოს და არ შეუწყოს ხელი სესხის დამტკიცებას სასურველი პირობებით მხოლოდ იმიტომ, რომ მასში მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო გამოტოვებული. თქვენ რათქმაუნდა შეგიძლიათ დაიქირაოთ პროფესიონალი კონსულტანტი ბიზნეს–გეგმის შესამუშავებლად, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია პირადად იცოდეთ თუ რას უნდა მოიცავდეს კარგი ბიზნეს–გეგმა, რათა არ ანდოთ ისეთი მნიშვნელოვანი  საქმე როგორიცაა თქვენ მიერ გადასახდელი კრედიტის დამტკიცება მხოლოდ დაქირავებულ კონსულტანტს –  წარდგენილი ბიზნეს–გეგმის შესრულებაზე და აღებული სესხის დროულ დაფარვაზე პასუხისმგებელია ბიზნესის მფლობელი და არა დაქირავებული კონსულტანტი.

 
რას უნდა მოიცავდეს კარგი ბიზნეს გეგმა

კარგი ბიზნეს გეგმა ამომწურავია – ის გვაწვდის დეტალურ ინფორმაციას ბიზნეს–ოპერაციებზე და აყალიბებს ბიზნეს სტრატეგიას. ის მოგცემთ საშუალებას კარგად იცნობდეთ თქვენ კონკურენტებს  და ჩამოაყალიბოთ საკუთარი კონკურენტული უპირატესობა. ბიზნეს–გეგმა უნდა იძლეოდეს ინფორმაციას ბიზნესის, როგორც მიმდინარე, ასევე წარსული ფინანსური მდგომარეობის შესახებ , რომელიც საშუალებას მისცემს კრედიტ–ოფიცერს შეაფასოს თქვენი ბიზნესის  დროში განვითარება. ბიზნეს–გეგმა იძლევა ინფორმაციას მოცემულ სფეროში მფლობელის გამოცდილებასა და ცოდნაზე, ასევე ბიზნესის  გეგმებზე და პერსპექტივებზე.

ბიზნეს–გეგმა ამომწურავია თუ ის მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
- კონკრეტული ბიზნესის და ზოგადად ამ ბიზნეს–სექტორის აღწერას;
- ბიზნესის განვითარების მარკეტინგულ გეგმას;
- კონკურენტულ ანალიზს;
- ბიზნესის პერსონალის მიმოხილვას;
- ფინანსურ რეპორტებს: ბალანსს, მოგება-ზარალს, ქეშ-ფლოუს (სასურველია ბოლო სამი წლის);
- ფულადი ნაკადების, ასევე შემოსავლებისა და ხარჯების  საპროგნოზო გათვლებს;
- დამატებითი ინფორმაციებს –, საგადასახადო დეკლარაციებს, მფლობელთა რეზიუმეებს და  დამფინანსებლის მიერ მოთხოვნილ სხვა მონაცემებს;


ეს ინფორმაცია საშუალებას მისცემს კრედიტ–ოფიცერს მიიღოს პასუხი მისთვის ყველა მნიშვნელოვან შეკითხვაზე. გაითვალისწინეთ ასევე ისიც, რომ წარმოდგენილ ბიზნეს–გეგმას უნდა ეტყობოდეს, რომ პროფესიონალის მიერაა შედგენილი.

როგორ დაგეხმარებათ ბიზნეს–გეგმა სესხის საუკეთესო პირობების მიღებაში

ბიზნეს–გეგმის მეშვეობით კრედიტ–ოფიცერმა უნდა უპასუხოს მნიშვნელოვან კითხვებს და  ამის საფუძველზე განსაზღვროს პოტენციური მსესხებლის რისკის კატეგორია და შესაბამისად საპროცენტო განაკვეთი. ეს შეკითხვები ძირითადად დაკავშირებულია მფლობელებთან – მათი და მათი ბიზნესების ფინანსურ მდგომარეობასთან.  დამფინანსებელი უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ ბიზნესის მფლობელმა კარგად იცის თავისი საქმე, კომპეტენტურია და შეუძლია მართოს საკუთარი ბიზნესი. ერთ–ერთი საშუალება, რითაც ეს კომპეტენტურობა და პროფესიონალიზმი ფასდება, ხარისხიანი და სრულყოფილი ბიზნეს–გეგმაა. ბიზნეს–გეგმის მეშვეობით, კრედიტ–ოფიცერი ასევე ითვალისწინებს,  აქვს თუ არა ბიზნესს საკმარისი აქტივები  სესხის უზრუნველყოფისთვის.

საბოლოოდ, მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის მიხედვით, კრედიტ–ოფიცერმა  უნდა განსაზღვროს აქვს თუ არა ბიზნესს სესხის დაფარვის უნარი.  შესაბამისად, თუ ბიზნეს–გეგმა არასულყოფილია და კრედიტ–ოფიცერს არ გააჩნია ყველა მისთვის მნიშვნელოვან  კითხვზე პასუხი, ის ვარაუდობს რომ ბიზნესი მაღალი რისკის მქონეა. ასეთ შემთხვევაში, თუ სესხი საერთოდ დამტკიცდა, მსესხებელი ბიზნესი მას მაღალ საპროცენტო განაკვეთში მიიღებს.

ფრთხილად შემდეგი სახის შეცდომებთან


ბიზნეს–სესხის სააპლიკაციო ფორმას შეუძლია გაზარდოს ან პირიქით, შეამციროს სესხის მიღების შანსები, ამიტომ მის სწორად შევსებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

 

ხშირად, იმ მიზეზით, რომ სააპლიკაციო ფორმის შევსებას საკმაო დრო სჭირდება, აპლიკანტები არ თვლიან საჭიროდ, რომ მათთვის ძვირფასი  დრო ამ პროცესს დაუთმონ. სინამდვილეში სააპლიკაციო ფორმა  ქმნის  კომპანიის შესახებ პირველ შთაბეჭდილებას – პირველი შთაბეჭდილებით კი ბევრი ურთიერთობის ბოლომდე ხელმძღვანელობს. მეორეს მხრივ კი რთულია გაიქარწყლო პირველი ნეგატიური შთაბეჭდილბა.

ამდენად, თქვენივე ბიზნეს–კრედიტის სააპლიკაციო ფორმის შევსება გარკვეულ დროდ ნამდვილად ღირს.

 

აქვე იხილეთ რამდენიმე რჩევა, თუ როგორ უნდა შეავსოთ სწორად აპლიკაციის ფორმა:


შეავსეთ აპლიკაციის ფორმა სრულად

აპლიკაციის ფორმის შევსებისას რომელიმე ნიშვნელოვანი დეტალის გამოტოვებამ შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს. შეიძლება სწორედ ის პუნქტი დაგრჩეთ შეუვსებელი, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს თქვენს ადეკვატურობას სესხის მიღებასთან დაკავშირებით.

 

ამასთანავე, ნუ იქნებით ყოველთვის დამოკიდებული კრედიტ–ოფიცერზე. შესაძლებელია მან გამოტოვებული ადგილები უბრალოდ იმის მანიშნებლად ჩათვალოს, რომ თქვენ უყურადღებო ხართ როგორც  სააპლკიკაციო ფორმის შევსების მომენტში, ასევე ბიზნესში. ასე რომ, მას პირველი შთაბეჭდილება უკვე შეექმნება –  თანაც ნეგატიური.

 

შესაბამისად,  აპლიკაცია უნდა შეივსოს სრულად – ყველა ცარიელ ადგილას უნდა ჩაიწეროს საჭირო ინფორმაცია და დაერთოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია. დაუშვებელია ინფორმაციის ნახევრად/არასრულად მითითება, ეს უთუოდ თქვენს არაპროფესიონალიზმე მიუთითებს, რადგან პიროვნება, რომელსაც სესხის მიღების სურვილი და ამბიცია აქვს, იმდენ დროს დაუთმობს აპლიკაციის ფორმის შევსებას, რამდენიც საჭიროა და  ამას მაქსიმალური ყურადღებით გააკეთებს.

ნუ მიუთითებთ ორაზროვან და ბუნდოვან ინფორმაციას

აპლიკაციის ის ნაწილი, რომელიც სესხის მიზნობრიობას ეხება ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა ბევრი ვერ ხვდება, რომ სწორედ ეს ადგილი უნდა შეავსოს განსაკუთრებით ყურადღებით და  მაქსიმალურად კონკრეტული და დეტალური ინფორმაციით.

 

ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუცია/ბანკი, ისევე როგორც კრედიტ–ოფიცერი, კლიენტისაგან  ითხოვს ზუსტად შეატყობინონ მას თუ როგორ და რა განრიგით გამოიყენებს ის დამტკიცებულ თანხას თავის ბიზნეს საქმიანობაში. მათ  ნათლად უნდა დაინახონ, ორი მნიშვნელოვანი მომენტი –  რომ კრედიტი კლიენტს ნამდვილად ჭირდება და მკაფიო მიზეზი, თუ რატომ ჭირდება.

ამდენად, მსესხებელს უნდა შეეძლოს სესხის მიზნობრიობა გარკვევით და კონკრეტულად ჩამოაყალიბოს ფურცელზე. ამასთანავე, ახსნას თუ რითაა განსაზღვრული თანხის მოთხოვნილი რაოდენობა, რომელსაც უთითებს აპლიკაციის ფორმაში.

 

ფინანსური ინსტიტუციისთვის/ბანკისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ასევე უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს თუ რამდენად ლოგიკურად, გამართულად და ადეკვატურად წარმოადგინა კლიენტმა თავისი მოთხოვნა.

შეცდომები

აპლიკაციაში არ უნდა იყოს შეცდომები. ფინანსური მონაცემები წარმოდგენილი უნდა იყოს სრულად და დეტალურად. როგორც წესი, ბანკები/ფინანსური დაწესებულებები ითხოვენ ბოლო 12 თვის ფინანსურ დოკუმენტაციას. იმ შემთხვევაში თუ სიძნელეს წარმოადგენს ამ სექციის შევსება, რეკომენდირებულია მიმართოთ ბუღალტერს. არასწორად ჩაწერილი ტერმინები და თუნდაც მექანიკური შეცდომებით მიწოდებული ინფორმაცია მეტყველებს თქვენს არაპროფესიონალიზმზე.

 

უმეტეს შემთხვევაში სესხის გაცემაზე ფინანსური ინსტიტუციები/ბანკები უარს სწორედ იმიტომ ამბობენ, რომ ეჭვი ეპარებათ კლიენტის შესაძლებლობაზე მართოს ბიზნესი. შესაბამისად, თქვენი მიზანი უნდა იყოს აჩვენოთ თქვენი კომპეტენტურობა.

დროულობა

აპლიკაციის ფორმის შევსებისა და ჩაბარების შემდეგ, კრედიტ–ოფიცერმა შეიძლება დამატებითი ინფორმაციის მიწოდება მოითხოვოს, რომლის დროულად მიწოდება ასევე საკმაოდ მნიშნელოვანია.

შემოგვიერთდით



ვალუტა

1 GEL =
1USD = 2.4513
1EUR = 2.6484
1GBP = 3.0609
100RUB = 4.2821
1TRY = 0.6771
10CNY = 3.5598

სრულად ნახვა
სესხის კალკულატორი